იტალია

სალვინი: რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია

მატეო სალვინი
Reuters

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ულტრა-მემარჯვენე პარტიის "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა, მატეო სალვინიმ თქვა, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სოციალური, კულტურული და ეკონომიკური აბსურდია და ბევრ ბიზნესმენს უკითხავს მისთვის როდის მოხსნიდნენ სანქციებს, რადგან ეს იტალიურ კომპანიებს აზარალებს.

სალვინიმ ასევე თქვა, რომ ოთხშაბათს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე წლის ივნისში რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ამჟამად ევროკავშირი კიბერთავდასხმების გამო რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალია ახალი სანქციების წინააღმდეგია.

კიბერთავდასხმების გამო ახალი სანქციების დაწესებას მომდევნო კვირას ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრებზე განიხილავენ და გავრცელებული ცნობით, მას მხარს დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი უჭერენ.

 

კომენტარები