ყაჩაღობა

ამბროლაურში ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ამბროლაურში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს",-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები