MMA

საქმის გამოძიებამდე ხაბიბსა და კონორს 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ნევადის სპორტულმა კომისიამ UFC-ის მებრძოლებს, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ამ დროის განმავლობაში კომისია ბრძოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად გამოიძიებს. 

ნევადის სპორტულმა კომისიამ ნურმაგომედოვს 2 მილიონი დოლარის ჰონორარი გაუყინა და ასევე, მებრძოლს აშშ-ს ტერიტორიაზე 4-დან 6 თვემდე ბრძოლების გამართვაც აეკრძალება.

MMA-ის​ "საუკუნის ბრძოლად" დასახელებულ მატჩში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ ხაბიბის ერთ-ერთი გულშემატკივარი რინგზე ავიდა და მაკგრეგორს დაარტყა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ ვითარებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ამის შემდეგ მაკგრეგორმა რინგი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა თქვა, რომ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი სამი ადამიანი დაკავებულია. 

დანა უაითმა ხაბიბს არც გამარჯვებულის ქამარი გადასცა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მაკგრეგორის გულშემატკივრების გაღიზიანებას გამოიწვევდა. 

ნურმაგომედოვმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ მის არასწორ საქციელზე მაშინ, როცა ირლანდიელი "მის რელიგიას შეეხო". მისივე თქმით, ირლანდიელის დამარცხება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად მიულოცა.

კომენტარები