MMA

ხაბიბმა მაკგრეგორი დაამარცხა, ბრძოლის დასრულების შემდეგ დარბაზში არეულობა იყო 

MMA-ის (შერეული საბრძოლო ხელოვნება) "საუკუნის ბრძოლად" დასახელებულ მატჩში ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი დაამარცხა. 

ირლანდიელი მებრძოლი მე-4 რაუნდში დანებებით დამარცხდა. რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი ნურმაგომედოვი პირველივე რაუნდიდან დომინირებდა. 

ხაბიბისთვის ეს კარიერაში 27-ე გამარჯვება, ის არც ერთხელ დამარცხებულა. 

კონორ მაკგრეგორისთვის კი ეს მე-4 მარცხია 21 გამარჯვების შემდეგ. 

თუმცა, დაპირისპირება რინგზე არ დასრულებულა. გამარჯვების შემდეგ ხაბიბის ერთ-ერთი გულშემატკივარი რინგზე ავიდა და მაკგრეგორს დაარტყა. 

რინგიდან ჩავიდა და გულშემატკივრებს შეუერთდა ხაბიბიც, რომელიც ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა - მას ირლანდიელის გულშემატკივრებმა სხვადასხვა ნივთი ესროლეს.


ფოტო: JOHN LOCHER/AP

დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და პოლიციელებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ ვითარებაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ამის შემდეგ მაკგრეგორმა რინგი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა. მოგვიანებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა თქვა, რომ ნურმაგომედოვის მხარდამჭერი სამი ადამიანი დაკავებულია. 

დანა უაითმა ხაბიბს არც გამარჯვებულის ქამარი გადასცა, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მაკგრეგორის გულშემატკივრების გაღიზიანებას გამოიწვევდა. 

მაკგრეგორი აპრილში თავადაც დაესხა თავს ავტობუსს, რომელსაც დაღესტნელი სპორტსმენი გადაჰყავდა - მან შუშები ქვებით დაამსხვრია. 

ხაბიბის გულშემატკივრები ტვიტერზე წერენ, რომ მაკგრეგორმა ეს ხაბიბის რელიგიის შეურაცხყოფის გამო დაიმსახურა. 

"აი ეს ხდება, როდესაც შენს რელიგიას შეურაცხყოფენ. ხაბიბ, შენ ლეგენდა ხარ". 

ბრიტანელმა მოკრივემ, ტონი ბელოუმ კი დაწერა: 

"არ შეიძლება, ორი ადამიანი თავს დაესხას იმას, ვინც 20 წუთის განმავლობაში იბრძოდა. ერთიც უკანა მხრიდან [თავს დაესხა]. ხაბიბმა ბრძოლა მოიგო და კონორი შეარცხვინა. ეს საკმარისი არ იყო? ამ ამბავს ორი მხარე არ აქვს და ხაბიბი მთლიანად დამნაშავეა". 

 

კომენტარები