არჩევნები 2018

ქუცნაშვილი ზურაბიშვილის შუღლის გამღვივებელ განცხადებაზე: ფაქტის კონსტატაცია იყო

facebook.com/KvirikashviliOfficial

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არა შუღლის გაღვივება, არამედ ფაქტის კონსტატაციაა.

საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაზე, სადაც ის ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ეუბნება, რომ პრეზიდენტმა "თურქებს მისცა მოქალაქეობა" და მათ არა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.

"ეთნიკური შუღლის გაღვივება ფაქტის კონსტატაციით არ ხდება. ეს იყო ფაქტის კონსტატაცია და არა ეთნიკური შუღლის გაღვივება. ეთნიკური შუღლის გაღვივებას ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის დააყოლებდა შემდეგ წინადადებას - "ცუდი იყო სააკაშვილი იმის გამო, რომ სომხები არ უყვარდა და თურქები უყვარდა". ამ შემთხვევაში ფაქტის კონსტატაცია ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ფაქტის კონსტატაცია ნიშნავს იმას, რომ დაასახელო ფაქტი - ის აძლევდა მოქალაქეობას და არც უარყოფს ამას არავინ, ხოლო შედარებით მოკრძალებული იყო სხვა ეთნიკური ჯგუფის მიმართ. ამას რომ მოჰყოლოდა შეფასება, მაშინ იქნებოდა ეთნიკური განსხვავების წარმოჩინება დაკნინების კუთხით. მაგრამ ფაქტის კონსტატაცია და შეფასება ან ეთნიკური შუღლის გამაღვივებელი ფრაზა სხვადასხვაა", - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

ტაბულას კითხვას, ცდილობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების გაღვივებასა და გამოყენებას საარჩევნო კამპანიისას, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მისი შტაბის წევრი არ არის და ვერ იტყვის რა განცხადებებს აკეთებს საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა:

"ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა".

კომენტარები