ვლადიმირ პუტინი

პუტინი: კარგი იქნება თუ ყველა სანქციას ერთბაშად დაგვიწესებენ, ეს ხელებს გაგვიხსნის

ვლადიმირ პუტინი
Reuters

ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე Nordstream 2-ის პროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსული გაზი ხარისხიანია და ფასიც კონკურენციას უძლებს, რადგან ამერიკული გაზი 30%-ით უფრო ძვირია:

"თუ ევროპა ამერიკისგან 30%-ით უფრო ძვირად იყიდის გაზს, მთელი გერმანიის მწარმოებლური კონკურენტუნარიანობა დაეცემა. ეს ყველას ესმის...ეს პროექტი განხორციელდება." თქვა მან.

დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე პუტინმა თქვა:

"უკეთესი იქნება თუ ყველა, ვისაც სანქციების დაწესება სურს ყველა ამ სანქციას ერთბაშად დაგვიწესებს, და თან რაც შეიძლება მალე. ეს გაგვიხსნიდა ხელებს დაგვეცვა საკუთარი ეროვნული ინტერესების ისეთი საშუალებებით, რომლებსაც ეფექტურად მივიჩნევთ. საერთოდაც, ეს ძალიან მავნებლურია. ეს ვნებს იმათ, ვინც ამას აკეთებს."

პუტინმა ასევე თქვა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი, რომელიც დიდი ბრიტანეთში რუსული ნერვული აგენტით მოწამლეს სამშობლოს მოღალატეა:

"მე ვხედავ, რომ თქვენი კოლეგების ნაწილი ემხრობა თეორიას, რომ სკრიპალი ერთგვარი ადამიანის უფლებათა აქტივისტი იყო. ის უბრალოდ ჯაშუში იყო. სამშობლოს მოღალატე. არსებობს ასეთი კონცეფცია - სამშობლოს მოღალატე. და ის სწორედ ამას წარმოადგენდა. წარმოიდგინეთ რომ ხართ თქვენი ქვეყნის მოქალაქე და უეცრად ჩნდება ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს ღალატობს. როგორ მოექცევით? ის უბრალოდ ნაძირალაა. სულ ეს არის. ამის გარშემო კი მთელი საინფორმაციო კამპანია ააგორეს...რაც შეეხება საიდმულო სამსახურებს, გუშინ ხომ არ დაიბადნენ. ცნობილია, რომ ჯაშუშობა, ისევე როგორც პროსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა." თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის მიხედვით სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად მათ ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს, რომელის შემდგომ ბრიტანეთის ორი მოქალაქის ხელში აღმოჩნდა, რამაც ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რუსლან ბოშიროვის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ)-ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა და ის თავისი საქმიანობისთვის რუსეთის სახელმწიფოს მიერ არაერთხელაა დაჯილდოვებული.

რაც შეეხება ახალი გაზსადენის პროექტს, რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

"ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ოფიციალური ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბუნებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები