აშშ ჰომოსექსუალი დიპლომატების პარტნიორებს საცხოვრებელ ვიზას აღარ მისცემს

EPA

აშშ დიპლომატის პარტნიორს, რომელიც იგივე სქესისაა ქვეყანაში საცხოვრებლად თანამშრომლის ვიზას აღარ მისცემს. ცვლილება ძალაში მიმდინარე კვირას შევიდა.

იმისათვის, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილმა ვიზა მიიღოს ისინი დაქორწინებულები უნდა იყვნენ.

გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომატები ისეთი ქვეყნიდან არიან, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობს, თუმცა ამერიკელი დიპლომატების იგივე სქესის პარტნიორებს აკრედიტაციას აძლევს. გამონაკლისი მხოლოდ დიპლომატებს შეეხება და გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე არ გავრცელდება.

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სამანტა პაუერმა პოლიტიკას უსარგებლო და ბოროტული უწოდა. მან აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის გამო გაეროს თანამშრომლებს ნაწილი მათივე სქესის პარტნიორთან ერთად აშშ-ში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ, რადგან ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება გაეროს წევრი ქვეყნების მხოლოდ 12%-შია დაშვებული.

იმ პარტნიორებს, რომლებიც ქორწინების საბუთს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე არ წარადგენენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით მსგავსი შეზღუდვა ჰეტეროსექსუალი დიპლომატების პარტნიორებისათვისაც არსებობს და ახალი პოლიტიკა მხოლოდ თანასწორობის აღდგენას ემსახურება.

კომენტარები