ომეგა ჯგუფი

მოისწრაფიშვილი: კანონიერი უფლება გვაქვს დავაყადაღოთ ტელეკომპანია "იბერია"

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა "ომეგა ჯგუფის" საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მოისწრაფიშვილის თქმით, მათ ტელეკომპანია იბერიას ანგარიშების დაყადაღების იურიდიული საფუძველი აქვთ, რადგანაც კომპანიას სახელმწიფოს წინაშე სოლიდური დავალიანება ერიცხება.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხება ტელეკომპანია იბერიასაც, დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 86,811 ლარს. აქვე უნდა აღინოშნოს, დავალიანების შესაბამისად, გვაქვს კანონიერი უფლება კომანიის ანგარიშებზე წარვადგინოთ საინკასო დავალებები, ასევე გამოვიყენოთ ყადაღა. რაც დღემდე არ გაგვიკეთებია სწორედ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დაცვის და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით,"- ამბობს მოისწრაფიშვილი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებს. 

"2015 წელს, ოჯთ-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35’203’170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1.358.919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134.371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს. 2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი;

2016 წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20,880,470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2,099,350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21,679,836 ლარი.

დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ დაადეკლარირა ანუ აღიარა 19,973,500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12,868,653 ლარი.

2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33,411,299 ლარი.

2018 წლის მანძილზე დაადეკლარირა ანუ აღიარა 16,076,671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1,214,785 ლარი.

სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16,182,788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52,830,844 ლარს."- წერია უწყების განცხადებაში. 

2018 წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ოჯთ"-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად.  სასამართლომ 2018 წლის ივნისში დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს მიეცა იურიდიული უფლება დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანოს. 

ამასთანავე, "ომეგა ჯგუფს" 84- მილიონიანი დავალიანება აქვს საქართველოს ბანკის წინაშე. ბანკის განცხადების მიხედვით, ზაზა ოქუაშვილის კომპანია სასესხო ვალდებულებას 2016 წლის შემდგომ აღარ ასრულებს. 

კომენტარები