მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებულ მედიაში ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციამ გაჟონა, რაც ამ მედიამ სიმულაციებისთვის გამოიყენა.
ორგანიზაციამ კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია იკვლია.
MDF-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, 2018 წლის 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.
სტატიის მიხედვით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის 11 სექტემბრის პრესკონფერენცია და დოკუმენტები, თითქოს თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორიაში" ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან; ასევე, ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას 12 სექტემბრის სტატია სათაურით - “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ".
სტატია და თანდართული ფოტომასალა Al-Mayadeen TV-ს სახელით არის გამოქვეყნებული, რომელიც ბაშარ ალ-ასადის და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” მხარდამჭერი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. გაინტაჯიევას სტატია 16 სექტემბერს გაავრცელა პორტალმა Zero Hedge, ხოლო 14 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხმა “Звезда” გამოაქვეყნა გაიტანჯიევას ინტერვიუ, რომელშიც ის კვლავ საქართველოში სისხლის უჯრედების იმპორტზე საუბრობს.
რუსულ მედიაში ლუგარის თემის “გაცოცხლება” ქრონოლოგიურად რუსეთის 2 მოქალაქის მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ემთხვევა, რომელთაც 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ედებათ ბრალი. რუსეთის მიმართ წარდგენილი ბრალდებების გადაფარვის მიზნით, კრემლის მედიამ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის საფრთხედ წარმოჩენის თემა, რომელსაც ის 2012 წლიდან მუდმივად ქმნის, კვლავ გაააქტიურა.
გაჟონილი წერილები
გაიტანჯიევას სტატიაში “არგუმენტებად” ძირითადად შემდეგი დოკუმენტებია მოყვანილი:
- აშშ-ის საელჩოს წერილი ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიული მასალის (პათოგენები) საბაჟო ზედამხედველობის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ;
- ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი აშშ-ის საელჩოს, რომ შემოტანილი მასალები განკუთვნილია ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების მონიტორინგისთვის და მათი ზედმახედველობის გვერდის ავლით შემოტანა მხოლოდ არაკომერციული მიზნით, კვლევითი საქმიანობისთვის არის დაშვებული;
- USAMRD-G-ისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის ელექტრონული მიმოწერა ღონისძიებაზე დამსწრეთა შესახებ, ასევე აშშ-ის სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევების და რესურსების სარდლობის მმართველ გენერალ ბარბარა ჰალკომსა და მინისტრ დავით სერგეენკოს შესაძლო შეხვედრის შესახებ;
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, რომელიც, ერთ შემთხვევაში, ვოლტერ რიდის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, მეორე შემთხვევაში სერგეენკოს პარიზში Gilead-ის წარმომადგენლობასთან შეხვედრას შეეხება;