ლგბტ უფლებები

საქართველოში ლგბტ თემის უფლებებს გაეროს ექსპერტი შეაფასებს

kyivpost.com

გაეროს თბილისის ოფისის ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დამოუკიდებელი ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი ეწვევა, რომელიც ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებებს შეისწავლის. 

ვიზიტი იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია, რომელთა მიზანია ძალადობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრასნგენდერი (ლგბტ) პირების მიმართ ქვეყანაში“,- ამბობს მადრიგალ ბორლოზი.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ექსპერტი თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში ჩავა, სადაც გამართავს შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო  და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან;  სხვადასხვა რელიგიური კონფესიის  წარმომადგენელთან; სახალხო დამცველის ოფისთან, კერძო პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ლგბტ პირთა უფლებებზე; შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

„ჩემი ვიზიტისას, შეფასდება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესი, მოხდება არსებული ხარვეზებისა და გამოწვევების ხაზგასმა და შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ აქტორებს წარედგინებათ რეკომენდაციები“ - ამბობს ექსპერტი

მისივე თქმით, იმ ფაქტორების შეფასება მოხდება, რომლებიც გავლენას ახდენენ ლგბტ პირების მოწყვლადობასა და გარიყვაზე; ექსპერტი შეისწავლის ძალადობისა და დისკრიმინაციის გამომწვევ მიზეზებს სოციალური ცრურწმენების ჩათვლით, და კავშირს სიძულვილის ენასა და სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს შორის.

„მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხელისუფლებასთან, რელიგიური კონფესიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან დიალოგს“.- ამბობს ის.

ექსპერტი ვიზიტის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  2019 წლის ივნისში წარუდგენს. 

კომენტარები