ტაქსი

რამდენი მილიონი ლარი დაუჯდებათ ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა?

თეთრი ტაქსები
flickr.com

"გადავწყვიტეთ, რომ ტაქსის ფერი იყოს თეთრი,"- კახა კალაძის ეს გადაწყვეტილება ათასობით ტაქსის მძღოლის ჯიბეზე მოახდენს გავლენას.

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევა კანონი თბილისში ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ყველა პირი, რომელიც ამ თარიღის შემდგომ ულიცენზიოდ გადაწყვეტს მოძრაობას 200 ლარით დაჯარიმდება. ამასთანავე აკრძალვა წესდება მარჯვენასაჭიან და სამკარიან ავტომობილებზეც, მათ მოსახლეობისთვის სატაქსო მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ტაქსებისთვის თეთრი ფერით მოძრაობა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო

რამდენი დაჯდება ტაქსების თეთრად შეღებვა?

კახა კალაძის თქმით, ელექტრონული რეგისტრაცია გავლილი აქვს 6200-ზე მეტ ავტომობილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ერთ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს, საიდანაც მხოლოდ 16%-ია თეთრი ფერის. თუ დავუშვებთ რომ იმ ავტომობილების 16%-იც არის თეთრი, რომლებიც მერიის ელექტრონულ პორტალში დარეგისტრირდნენ, მაშინ გამოვა, რომ ახალი წლისთვის თეთრად შეღებვა დაახლოებით 5200 ავტომობილს მოუწევს. 

საქართველოში ავტომობილის სრულად შეღებვის საშუალო ფასი დაახლოებით 1500-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს. 

თუ დავუშვებთ, რომ ტაქსისტები საკუთარ ავტომობილებს 1500 ლარად შეღებავენ, მაშინ 5200 ავტომობილის შეღებვა 7.8 მილიონი ლარი დაჯდება. 

ტაქსტების რეგისტრაცია/ლიცენზირების შესახებ:

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

შენიშვა: წარმოდგენილი კალკულაცია პირობითია, ამასთანავე არსებობს ალბათობა, რომ 1 ოქტომბრამდე მერიის ელექტრონულ პლატფორმაში კიდევ მრავალი ავტომობილი დარეგისტრირდეს, შესაბამისად გაიზარდოს იმ ავტომობილების რაოდენობა, რომელთა თეთრად შეღებვაც სავალდებულო გახდება.

კომენტარები