ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

5 ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის ანცვიფრებდათ გონების მუშაობა და ჩვენი ქმედებების რეალური მოტივები, ექსპერიმენტალური ფსიქოლოგია მხოლოდ მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა ღრმა ცოდნა მოგვცა იმისა შესახებ, თუ რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით.

ჩვენ რამდენიმე ცნობილი და საინტერესო ექსპერიმენტი ამოვარჩიეთ:

პიანინოს კიბეების ექსპერიმენტი

ფოლკსვაგენის ექსპერიმენტს, რომელსაც “მხიარულების თეორია” ჰქვია, უნდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანების ქცევა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს, თუ ყოველდღიურ, მოსაწყენ საქმიანობებს უფრო მხიარულს გავხდით. ექსპერიმენტი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა, სადაც მეტროს კიბეების მაგივრად მუსიკალური, პიანინოს კლავიშების მსგავსი კიბეები დააყენეს. შემდეგ ისინი დააკვირდნენ, აირჩევდნენ ადამიანები კიბეებით ჩასვლას, თუ კვლავ ესკალატორს ამჯობინებდნენ. საბოლოოდ, 66%-ით მეტმა ადამიანმა გამოიყენა პიანინოს კიბეები, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს.

“ჩვენ ყველას გვიყვარს მხიარულება, არა? ასე რომ, თუ ჩვენს ქალაქს უფრო მხიარულს გავხდით, მეტად ბედნიერები და ჯანმრთელები ვიქნებით” - ამბობენ ექსპერიმენტატორები.

ავტოკატასტროფის ექსპერიმენტი

Loftus და Palmer-ის 1974 წლის ავტოკატასტროფის ექსპერიმენტის მთავარი მიზანი კითხვების დასმის დროს სიტყვების მნიშვნელობის ჩვენება იყო.

ისინი ადამიანებს სხვადასხვა ფორმით ეკითხებოდნენ, რომ თვალით გაეზომათ მანქანის სიჩქარე. ექსპერიმენტის მონაწილეები მანქანის შეჯახების კადრებს უყურებდნენ და შემდეგ სხვადასხვა ჯგუფში პასუხობდნენ კითხვებს - “ რამდენად ჩქარა მიდიოდა მანქანა, როდესაც ის დაეჯახა/დაეტაკა/ დაარტყა/კონტაქტში შევიდა?“

შედეგებმა აჩვენა, ადამიანები, რომლებსაც დაჯახების შესახებ ეკითხებოდნენ, საშუალოდ ამბობდნენ, რომ მანქანა 65 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ხოლო ადამიანები, რომლებსაც იმავე კითხვას სიტყვა “კონტაქტით” უმეორებდნენ, პასუხობდნენ, რომ სიჩქარე დაახლოებით 50 კმ/სთ იქნებოდა.

სხვა სიტყვებით, სხვადასხვა დანაშაულებების მოწმეების ჩვენებები შეიძლება კითხვის ფორმულირებებით იყოს განპირობებული.

არასწორი კონსენსუსის ექსპერიმენტი

ამ ექსპერიმენტის დროს, კოლეჯის სტუდენტებს ჰკითხეს, ივლიდნენ თუ არა 30 წუთის განმავლობაში დიდი სენდვიჩის დაფით, სადაც ეწერებოდა “მიირთვი ჯოესთან”. მკვლევარებმა შემდეგ სტუდენტებს უთხრეს, თავად გაეზომათ, რამდენი ადამიანი დათანხმდებოდა ამგვარ შეთავაზებას. ისინი, ვინც თანახმა იყვნენ, რომ სენდვიჩის დაფით ევლოთ, ფიქრობდნენ, რომ უმრავლესობა ასე მოიქცეოდა. ხოლო მათ, ვინც უარი თქვეს ჯოეს სენდვიჩების რეკლამირებაზე, სჯეროდათ, რომ სხვებიც ამგვარად მოიქცეოდნენ.

ფსიქოლოგიაში ამას არასწორი კონსენსუსის ეფექტი ეწოდება. არა აქვს მნიშვნელობა, რისი გვჯერა და როგორ ვიქცევით, ჩვენ მიდრეკილები ვართ, გვჯეროდეს, რომ ადამიანების უმრავლესობა ჩვენ გვეთანხმება და ჩვენსავით იქცევა.

ჰოთორნის ეფექტის ექსპერიმენტი

ჰოთორნის ეფექტი 1955 წლიდან, ჰენრი ლანდსბერგერის მიერ ჩატარებული კვლევიდან მოდის.

ექსპერიმენტის თავდაპირველი მიზანი ადამიანის პროდუქტიულობაზე გარემო პირობების გავლენის შესწავლა იყო. ექსპერიმენტის მონაწილეებად ჰოთორნის ფაბრიკაში მომუშავეთა ორი ჯგუფი შეირჩა. ერთ დღეს, ერთ-ერთი ჯგუფის სამუშაო ადგილას სინათლე მნიშვნელოვნად გაზარდეს, მეორე ჯგუფში კი იგივე დარჩა. მკვლევარები განცვიფრებულები იყვნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფის პროდუქტიულობა, სადაც სინათლე გაზარდეს, მეტი იყო, ვიდრე მეორესი.

მოგვიანებით, სამუშაო პირობები სხვა მხრივაც გაუმჯობესდა - სამუშაო საათები, დასვენების საათები და სხვა. ყველა შემთხვევაში, ცვლილებების შემდეგ, ჯგუფი უკეთ მუშაობდა. ბოლოს, როდესაც ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა, მუშების პროდუქტიულობა არ შემცირებულა.

ექსპერიმენტატორებმა დაასკვნეს, რომ მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად პირობების გაუმჯობესება, არამედ ფაქტი, რომ ვიღაცები დაინტერესდნენ მათი სამუშაო გარემოთი და აკვირდებოდნენ მათ. მუშებმა თავი მნიშვნელოვან ადამიანებად იგრძნეს, რადგან ისინი გამოარჩიეს და შედეგად პროდუქტიულობაც გაიზარდა.

ექსპერიმენტი - "მევიოლინე მეტროში”

2007 წლის 12 იანვარს, ვაშინგტონის მაცხოვრებლები, რომლებიც მეტროში გადაადგილდებოდნენ, უფასო მინი-კონცერტის მომსწრენი გახდნენ, რომელსაც მეტროს გადასასვლელში ვირტუოზი მევიოლინე ჯოშუა ბელი ასრულებდა. მისმა 45-წუთიანმა პერფორმანსმა, რომელსაც ის 3.5 მილიონი დოლარის ღირებულების ვიოლინოთი ასრულებდა, მხოლოდ 6 ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ჯოშუა ბელიმ საბოლოოდ 32$ შეაგროვა, ხოლო როდესაც დაკვრა დაასრულა, არავის შეუმჩნევია, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი უკრავდა.

ექსპერიმენტმა საინტერესო კითხვები წამოწია არა მხოლოდ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვერ ვაფასებთ სილამაზეს, არამედ - რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ დადგმას, წარმოდგენას და მათი შესრულების ადგილს.

კომენტარები