ჯულიან ასანჟი

The Guardian: რუსეთს ასანჟის ლონდონში ეკვადორის საელჩოდან გამოპარების გეგმა ჰქონდა

ჯულიან ასანჟი
AP

The Guardian წერს, რომ მოიპოვეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ლონდონში ეკვადორის საელჩოდან ჯულიან ასანჟის გამოპარების შესახებ.

გამოცემის მიხედვით რუსი დიპლომატები საიდუმლოდ განიხილავდნენ გეგმას, რომლის მიხედვითაც 2017 წლის დეკემბერში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ეკვადორის საელჩოდან დიპლომატიური მანქანით უნდა გამოეყვანათ და შემდეგ სხვა ქვეყანაში გადაეყვანათ. ასანჟი საბოლოოდ რუსეთში უნდა მოხვედრილიყო, საიდანაც მას ესქტრადიცია აღარ დაემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ეს ძალიან სარისკოდ მიიჩნიეს. ანონიმური წყაროების მიხედვით ეკვადორის საელჩოში მოსკოვის საკონტაქტო პირი ფიდელ ნარვაეზი იყო. ნარვაეზმა წარსულში ედვარდ სნოუდენის ჰონგ კონგიდან მოსკოვში უსაფრთხოდ ჩასვლაშიც მიიღო მონაწილეობა. ეკვადორის პრეზიდენტის თქმით მაშინ ნარვაეზმა სნოუდენს მთავრობის ინფორმირების გარეშე მისცა სპეციალური საშვი. ის ასანჟის გამოპარების გეგმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი ოპერაციას მხარს უჭერდა და მზად იყო ასანჟისათვის რუსეთში ცხოვრების უფლება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მიმდინარეობს გამოზიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც. რობერტ მუელერის სპეციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ WikiLeaks-მა რუსი ჯაშუშების მიერ მოპოვებული 50,000-ზე მეტი დოკუმენტი გაავრცელა. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს.

ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ თქვა, რომ სურს ასანჟმა საელჩო დატოვოს. მარტში საელჩომ ასანჟს კომუნიკაციის სისტემებზე წვდომა შეუზღუდა. მიზეზად ასანჟის მიერ სოციალურ მედიაში გაკეთებული კომენტარები გახდა, რომელმაც, ქვეყნის მთავრობის თქმით შესაძლოა ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს ზიანი მიაყენოს.

ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში 2012 წლის ივნისიდან ცხოვრობს. მან საელჩოს თავი შვედეთში ექსტრადიციის თავიდან ასარიდებლად შეაფარა. მან ეკვადორის მოქალაქეობა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

კომენტარები