ტრანსპორტი

ხორბლის ტრანსპორტირებაზე დაწესებულ აკრძალვას GDI საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

გიორგი მშვენიერაძე
თეორემა/ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ხორბლის ტრანსპორტირებაზე ფინანსთა მინისტრის ბრძანების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ბრძანება, რომელიც ათასობით ტრაილერის მძღოლს შემოსავლის გარეშე ტოვებს არაკონსტიტუციურია.

ფინანსთა მინისტრის მიერ 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ენიჭებათ. სხვა გზებით ხორბლის საზღვარზე ტრანსპორტირება აკრძალული ხდება.

GDI-ის შეფასებით, მაჭავარიანის ბრძანება კონსტიტუციის 31-ე და 21-ე მუხლებს პირდაპირ არღვევს.

კონსტიტუციაში ვკითხულობთ:

"სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა."

რატომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ ჩანაწერს ივანე მაჭავარიანის ბრძანება?

"სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი რეგულირების შემოღება პირდაპირ დარტყმას აყენებს თავისუფალ მეწარმეობას, რადგან მეწარმეთა ნაწილს, რომლებიც აბსოლუტურად კანონიერად იყვნენ ჩართული მარცვლეულის ტრანსპორტირების სფეროში, მათ სახელმწიფო ფაქტობრივად ართმევს შესაძლებლობას რომ საქმიანობა გააგრძელონ, რადგან მათი საქმიანობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ავტორტანსპორტით საქართველოში ხორბლის შემოტანასთან. ხოლო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, მსგავსი რამ დასაშვები ხდება მხოლოდ რკინიგზით და საზღვაო ტრანსპორტით. ეს მეწარმეები ავტომატურად კარგავენ კონკურენტულ გარემოში საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების უფლებას.

სახელმწიფოს აქვს საპირისპირო ვალდებულება, რომ ქმნიდეს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ბაზარზე კონკურენციას წაახალისებს. ის ქმნის მონოპოლიურ საქმიანობას იქ, სადაც არავითარი ე.წ. ბუნებითი მონოპოლია არ არსებობს და არც კანონით არის განსაზღვრული მსგავსი მონოპოლიური საქმიანობის განხორციელება"- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც მშვენიერაძის აზრით მაჭავარიანის ბრძანება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების შესახებ კონსტიტუციის ჩანაწერია.

"ვთლით რომ მცირე მეწარმეებს, რომელთაც ავტორტანსპორტი შეძენილი ჰქონდათ ამ ტიპის სამეწამეო საქმიანობისთვის, მათთვის ფაქტობრივად გამოუსადეგარი ხდება ეს ქონება, რადგანაც ისინი ფაქტობრივად სამეწარმეო საქმიანობის გარეშე რჩებიან. ეს იმდენად მძიმე ჩარევაა მათ საკუთრებაში, რომ გამოუსადეგარს ხდის მათ საკუთრებას,"- ამბობს მშვენიერაძე.

ტრაილერის მძღოლები კი პროტესტს განაგრძობენ. მათ ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან გამართეს. ფინანსთა მინისტრმა მათ უთხრა რომ მთავრობა მზადაა აკრძალვა სამი თვით, 2019 წლამდე გადაავადოს. 

ტრაილერის მძღოლები აკრძალვის გადავადებას ჯერ არ თანხმდებიან, ისინი საბოლოო პასუხზე უახლოეს მომავალში შეჯერდებიან.

პარალელურად, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპროტესტო აქცია გრძელდება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საკუთარი ტრაილერებით რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აანონსებენ. ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა ათასობით მძღოლისთვის შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავს. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

აკრძალვის შედეგად საქართველოს მთავრობამ ახალი მონოპოლია შექმნა და კომპანიებს ხორბლის ტრანსპორტირების ბაზარი ხელოვნურად ჩაუკეტა. მეტიც, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მოგებული დარჩება საქართველოს რკინიგზა, რომელიც უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. 

კომენტარები