ზუგდიდი

ზუგდიდში სტუდენტები და მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ

დღეიდან ზუგდიდის საჯარო სკოლების, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლების, სახელმწიფო ბაღების თანამშრომლები, აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

აღნიშნული პროექტი მერიის საპილოტე პროექტია, რომლისთვისაც ამ ეტაპზე 20 000 ლარია გამოყოფილი.

პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის სპეციალური ბარათები შესაბამისo დაწესებულებების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით დამზადდა.სპეციალური ბარათები მძღოლებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად უნდა წარედგინოს. 

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო. 

შეგახსენებთ, რომ გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა და ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. მასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით მიმდინარეობს.

გოგიამ ფეისბუქზე გუშინ კიდევ ერთხელ დაწერა, რომ ის უდანაშაულოა და მიზანმიმართული პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. 

დღეიდან კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მაიზერ ნანავა მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. 

კომენტარები