სირია

ერდოღანი და პუტინი სირიის იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი
Reuters

ორშაბათს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე სირიის იდლიბის პროვინციაში დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ.

ტერიტორიას რუსული და თურქული სამხედრო ძალები გააკონტროლებენ და "რადიკალურ" ამბოხებულ დაჯგუფებებს მის დატოვებას მოსთხოვენ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა:

"ჩვენ შევთანხმდით, რომ სამთავრობო ძალებისა და შეიარაღებული ოპოზიციის კონტაქტის ხაზზე  15-20 კილომეტრიან დემილიტარიზებულ ზონას შევქმნით, საიდანაც რადიკალურად განწყობილი ამბოხებულები, მათ შორის ალ-ნუსრაც გავა. თურქეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ზონაში არ იქნება მძიმე ტექნიკა, ტანკები და სარაკეტო სისტემები. მას თურქეთის და რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილები გააკონტროლებენ."

ერდოღანის თქმით შეთანხმება ოპოზიციის მხარდამჭერებს საშუალებას მისცემს დარჩნენ იდლიბის პროვინციაში და თავიდან აიცილებს ჰუმანიტარულ კრიზისს.

"ოპოზიცია დარჩება იქ, სადაც არიან. სანაცვლოდ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რადიკალურ დაჯფუფებები, რომლებსაც რუსეთთან ერთად განვსაზღვრავთ, რეგიონში აღარ იქნებიან. რუსეთი უზრუნველყოფს, რომ დე-ესკალაციის ზონაზე თავდასხმა არ მოხდეს. ერთად ჩვენ შევძლებთ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ რომელიმე მესამე მხარის მიერ შეთანხმების დარღვევის მცდელობა." თქვა ერდოღანმა.

პუტინსა და ერდოღანს არ განუმარტავთ ალ-ნუსრას გარდა კონკრეტულად რომელი დაჯგუფებები ჩაითვლებიან რადიკალურად განწყობილ ძალებად და როგორ მოხდება მათი გამორჩევა ოპოზიციური ძალებისაგან.

სირიაში გაეროს დესპანის, სტაფან დე მისტურას თქმით საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციების, "ალ-ნუსრას ფრონტს" და "ალ-კაიდას" რეგიონში 10,000 მებრძოლი ჰყავს.

იდლიბის პროვინციის ნაწილი ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-კაიდას" ყოფილ მოკავშირეებს, დაჯგუფება "თაჰრირ ალ-შამ"-ს უკავია, რომელსაც გაერო ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს, ხოლო თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფებების სიაში გასულ კვირას შეიყვანა. ამბოხებულთა ნაწილი სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდა და ამჟამად ალიანსშია გაერთიანებული, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით ასადის ძალები და მისი მოკავშირეები იდლიბში რადიკალური დაჯგუფებების ყოფნის სამხედრო ოპერაციის საბაბად გამოყენებას ცდილობენ და აუცილებელია ტერორისტების მშვიდობიანი მოსახლეობისაგან გარჩევა.

თეირანში 7 სექტემბერს გამართულ სამიტზე პუტინმა ერდოღანის შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უარყო.

სამიტი იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების და ასადის ძალების მხრიდან ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი თავდასხმის განსახილველად გაიმართა.

პუტინისა და ერდოღანის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდასხმა აღარ იგეგმება.

კომენტარები