ზუგდიდი

ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია სუს-ში გამოჰკითხეს, მომდევნო დღეს თანამდებობა დატოვა

ლაშა გოგია

ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე გუშინ საღამოს დაწერა. 

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი".

გოგიას გადადგომის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ტაბულა მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს ლაშა გოგია „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე სუს-ში გამოკითხეს. ლაივპრესის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო. 

ამასთან, ლაივპრესისვე ცნობით, 26 აგვისტოს, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს, მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მაშინ ლაშა გოგიამ ლაივპრესს უთხრა, რომ ეს ინფორმაცია "აბსურდია".

მანამდე კი სამეგრელოში გუბერნატორი შეიცვალა და ეს პოსტი ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა. ის სამეგრელოში შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა. 21 აგვისტოს გახარიამ თქვა: 

"გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს. განსაკუთრებით ზუგდიდს და არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს ერთ რამეს - ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე, სამართლიანობა კი ძირითადი კრიტერიუმი მთელს ამ პროცესში", - თქვა შს მინისტრმა. 

ამის შემდეგ კი გუბერნატორმა მოწერელიამ თქვა, რომ მას შეუძლია, მუნიციპალიტეტების საქმიანობა შეისწავლოს.

"როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება", - განაცხადა მოწერელიამ

მაშინ შს მინისტრის და გუბერნატორის ეს განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დატუქსვად და ზეწოლად იქნა აღქმული. 

კომენტარები