მარიხუანის ექსპორტი

ბაქრაძე მარიხუანის ექსპორტზე: მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი მიუღებელია

ტაბულა

ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის თქმით, მარიხუანის საექსპორტოდ მოყვანის დაშვება და ამ კუთხით მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი საზოგადოებისთვის მიუღებელია

"ის, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და არ ხდებოდეს პოლიციის მიერ ძალით დაკავება და შემოწმება, არის აბსოლუტურად სხვა. საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს, რომ მარიხუანის მომხმარებელი დაჭერას და პოლიციის მხრიდან ძალადობას არ იმსახურებს. მაგრამ მარიხუანის ლეგალიზება, თუნდაც, ვითომდა შეზღუდული მიზნებით, არის აბსოლუტურად სხვა და ქართული საზოგადოების რეაქცია ამაზე არის ცალსახად უარყოფითი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთვრობამ, არ ვიცი, ივანიშვილის ინტერესით, საკუთარი ინტერესით თუ კომერციული ინტერესით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მკვეთრად არაპოპულარული და რომელსაც ქართული საზოგადოება გაუწევს წინააღმდეგობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დასცილდა დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს და ხალხის განწყობას", - თქვა ბაქრაძემ.

მთვრობის ინიციატივა

საქართველოს მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - ამის შესახებ განცხადებები გუშინ გაკეთდა. განიხილება მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა.

  • შსს აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;
  • მარიხუანის მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანის მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;
  • კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.


რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათ გაითვალისწინეს საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადა, ისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია. შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ რამდენიმე მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება.

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის THC-ს სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული THC-ის ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული CBD, გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

კომენტარები