მარიხუანის ექსპორტი

ვაშაძე კანაფის კულტივაციაზე: გამოიტანეთ პარლამენტიდან კანონპროექტი, ჩვენ არ გავჩერდებით

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიოს. ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერი და ბერი გაერთიანდა იმ მავნებლური ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი გაუფასურებული, შეგნებულად გაუფასურებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მარიხუანის პლანტაციად გადაქცევას". მისი თქმით, "კატეგორიულად წინააღმდეგია ამისი ერიც და ბერიც".

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს.

"გამოიტანეთ პარლამენტიდან ეს კანონპროექტი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გავჩერდებით. არ დავუშვებთ საქართველოს ნარკოწარმოების ქვეყნად გადაქცევას. არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ქვეყანას მართავდნენ ნარკობარიგები. თქვენი იდეალი თუ ნარკობარიგობაა, ჩვენი იდეალი არის წელში გამართული, ცოდნის ეკონომიკაზე დაფუძნებული ქვეყანა.

ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, მოვითხოვთ და შევიტანთ ამ ინიციატივას - ჩვენს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომელიც კატეგორიულად აკრძალავს საქართველოში იმ მცენარეების კულტივაციას, რომლისგანაც შეიძლება ნარკოტიკების დამზადება. ეს ჩვენი ერის დაღუპვის პირდაპირი გზაა, თუ ქართული ოცნების ეს ინიციატივა და ეს ბოდვითი იდეები განხორციელდა. ქართული ერის განადგურებას ნარკოტიკებით ჩვენ არ დავუშვებთ" - თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

მარიხუანის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ ინიციატივა შსს-მ მარიხუანის მოხმარების რეგულაციებთან ერთად მოამზადა. თუმცა, პარლამენტმა კანონპროექტის ამ ნაწილის განხილვა სასულიერო პირების პროტესტის გამო, განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

კომენტარები