ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბათუმში, ი.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ.ვ.-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ი.მ. 2018 წლის 23 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით" - აცხადებს პროკურატურა.