რუსული ოკუპაცია

რუსეთი ოკუპანტია - პუტინის გრანტებით ჩატარებული ფორუმის პარალელურად აქცია გაიმართა

ანანო სამუშია

მოქალაქეებმა ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტების მხარდაჭერით დაფინასნებული მედია-ფორუმის ჩატარება გააპროტესტეს. 

"რუსეთი ოკუპანტია", - ამ შეძახილებით დახვდნენ აქციის მონაწილეები ფორუმში მონაწილე ადამიანებს. 

კონფერენციის სახელწოდებაა "მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში". გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მასში მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდანმ აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

შეკრებილების თქმით, ეს არ არის მედია ფორუმი და არის სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ მათ ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებას ხელი შეუწყონ. აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტები შეძახილის "რუსეთი ოკუპანტია" ფონზე შეუშვეს მედია ფორუმზე.

"გვინდოდა მათთვის აგვეხსნა, რომ სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს ჩვენი ტერიტორიებიდან, მანამდე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა ცააძემ.

მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფორუმის მონაწილემ, ჟურნალისტმა და მწერალმა დიმიტრი კოსირევმა. როგორც მან თქვა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ. მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ“, - განაცხადა კოსირევმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ საქართველოში ფორუმის მონაწილე 3 წევრი არ შემოუშვა, ვინაიდან მათ ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული.  

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 

კომენტარები