დროებითი საგამოძიებო კომისია

კომისია: ხორავას ინციდენტში მონაწილეებში აგრესიული ფონი გაზრდილი იყო, ეს ორივე სკოლამ იცოდა

Mediamall.GE

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიამ დღეს სკოლებში უსაფრთხოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების ადმინისტრაციისა და მანდატურების როლზეც.

"ხორავას ქუჩის ტრაგედია განვითარებას იწყებს სკოლიდან, კერძოდ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძეს, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა - ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ-ს შორის კონფლიქტი.

მანდატურმა აღნიშნული ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა როგორც თ.ჩ., ისე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე", - წერია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ამის შემდეგ, 13:50-ზე თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე თ.ჩ. და დ.ნ., ასევე დავით სარალიძე, დ.ღ., თ.ჩ., ს.ფ. და 5-6 უცხო, "სავარაუდოდ, სხვა სკოლის მოსწავლე" მოზარდი და მანდატურ ანა გუშარაშვილს სთხოვა რეაგირება. კომისიის დასკვნის მიხედვით, გუშარაშვილმა დაურეკა მანდატურ თეიმურაზ ზადიშვილს, რომელმაც ასევე მანდატურ გიორგი მელიქიძესთან ერთად, ვერ აღმოაჩინა კონფლიქტური სიტუაცია.

"ამის შემდეგ მელიქიძემ და ზადიშვილმა დაურეკეს ანა გუშარაშვილს და აცნობეს მას, რომ ვერავინ ნახეს", - წერია დოკუმენტში.

მოზარდები მიემართებიან "საქმის გასარჩევად" ბაქრაძის ქუჩისკენ (ხედი სკოლის აივნიდან)
ფოტო: დროებითი საგამოძიებო კომისია
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლის პერიმეტრს არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა არც უშუალოდ და არც სათვალთვალო კამერების საშუალებით, რის გამოც უყურადღებოდ დარჩათ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.

მოზარდების შეკრება 51-ე სკოლასთან; შეკრების ადგილის წინ არის მანდატურის ოთახი.
ფოტო: დროებითი საგამოძიებო კომისია
კომისია მიიჩნევს, რომ რადგან თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგადად ამ მოსწავლეების პრობლემური ქცევის და უცხო სკოლელების სკოლასთან მოსვლის შესახებ, მას ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება და მეტი ყურადღება გამოეჩინა კონფლიქტის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გარდა ამისა, კომისიის აზრით, მანდატურებს ასევე ევალებოდათ მეტი ძალისხმევა, როგორც სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის დასაფიქსირებლად.

დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ არც დირექტორის მოადგილემ და არც მანდატურებმა არ შეატყობინეს პოლიციას არსებული აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ გამოუკვლევია 1-ლი დეკემბრის მოვლენები, არ უმსჯელია შესაძლო გადაცდომებზე და ასეთი შემთხვევების პრევენციის ღონისძიებებზე", - აღნიშნავს კომისია.

მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, ხორავას ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ 51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა უგულებელყო უსაფრთხოების თვალსაზრისით სკოლაში არსებული პრობლემები და განაცხადა: "სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად ართმევენ თავს. მოსწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას. მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი. კერძოდ, დილის 9 საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდგომ, იკეტება სკოლის ცენტრალური კარი, რომელიც კონტროლდება პასუხისმგებელი პირის მიერ".

კომისია აღნიშნავს, რომ მოკვლევა არ ყოფილა არც 1-ელ ექსპერიმენტულსა და 61-ე სკოლებში.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ინფორმაციით, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლისთვის ამ ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ ცნობილი იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია კომისიის დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, მ.კ.-ს, ა.ს.-ს, დ.ღ.-ს და დ.ნ.-ს მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის სხვადასხვა დროს გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლის მიერ არ გატარებულა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები არასასურველი ქცევის კორექციისა და მოზარდის პოზიტიური განვითარების მიზნით. გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ კონფლიქტში მონაწილე ორი მოსწავლე - თ.ჩ. და ს.ფ. ადრეც ფიგურირებდა სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

"ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათში არსებული აგრესიის კონკრეტული ქმედებით გამოვლენის მიზეზი", - აღნიშნავს საპარლამენტო კომისია.

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 მოსწავლეს 2017 წელს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დისციპლინური გადაცდომა. კერძოდ:

  • ა.ს. - გაკვეთილის ჩაშლა; მოსწავლეების არაერთგზის ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • დ.ნ. - საგაკვეთილო პროცესის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; არაერთგზის არაეთიკური ქმედება; გაკვეთილის ჩაშლა; არაერთგზის გაკვეთილზე დაგვიანება;
  • დ.ღ. - გაკვეთილის არაერთგზის თვითნებური მიტოვება; სისტემატურად გაკვეთილზე დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა;
  • თ.ჩ. - გაკვეთილზე სისტემატურად დაგვიანება; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა; არაეთიკური ქმედება.

დოკუმენტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლებისგან მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საჯარო სკოლებში გახშირებულია ისეთი გადაცდომები, როგორიცაა: გაკვეთილის ჩაშლა, სკოლიდან გაპარვა, გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება, გაკვეთილზე დაგვიანება, ფულის გამოძალვა, არაეთიკური ქცევა, მასწავლებლის შეურაცხყოფა, ჩაგვრა/ბულინგი, ფიზიკური დაპირისპირება, აკრძალული საგნების ტარება.

კომისია მიიჩნევს, რომ ამ გადაცდომებზე გამოყენებული სახდელები - სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ან სკოლიდან 3-9 დღით დათხოვნა ფორმალური დატვირთვის მატარებელია და არ შეიძლება ჩაითვალოს ჩადენილ გადაცდომათა პრევენციულ ქმედებად.

"შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნულია კომისიის დასკვნაში.

კომენტარები