გურამ კაშია

გიორგი ცინცაძე: კაშიას მხარს ვუჭერ, ყველა ადამიანი თანასწორია

SportAll.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ აგრესიული თავდასხმების შემდეგ, ტაბულა დაინტერესდა რამდენად უჭერენ მას მხარს სხვა სპორტსმენები.

კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ამბობს, რომ კაშიას გულშემატკივრობს.

გარდა ამისა, კალათბურთელის პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

"ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მოკლედ რომ ვთქვათ. გურამ კაშიას ვგულშემატკივრობ ამ საკითხშიც და როგორც ფეხბურთელსა და საქართველოს ნაკრების მოთამაშესაც. არ ყოფილა საჭიროება, მაგრამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავუდგებოდი მხარში", - ამბობს ცინცაძე.

ტაბულას კითხვას გაიკეთებდა თუ არა ლგბტ ადამიანებისა და თანასწორობის მხარდამჭერ სამკლავურს, კალათბურთელი პასუხობს.

"არ მიფიქრია მაგ თემაზე სიმართლე გითხრათ, მაგრამ გურამის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, გავიკეთებდი ალბათ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურად​​განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამის შემდეგ, გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. 

გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც.

კომენტარები