გურამ კაშია

გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს შეხვდა და თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა

ირაკლი ძნელაძე / UNFPA

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ბავშვებს შეხვდა და მათ თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა. 

შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის ინიციატივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში.

ხეთის ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის ასაკობრივი გუნდებისა და ხობის კოლხეთის გოგონათა გუნდის ფეხბურთელების გარდა, შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სფფ-ის ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა, UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

"ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან გასაუბრება, ფეხბურთზე ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ  ძალიან კარგი მესიჯია მათთვის მსგავს თემებზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ მსგავსი დისკუსიების გამართვას ფეხბურთზე, თანასწორობაზე. ჩემი სურვილია, აქტიურად ვიყო ჩართული ასეთ შეხვედრებში, რადგან დიდ პოზიტიურ ენერგიას მმატებს.

ფეხბურთი არის ყველასთვის, როგორც დიდისთვის, ისე პატარისთვის, ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. მიხარია, რომ ქალთა ფეხბურთი ძალიან ვითარდება საქართველოში. ქვეყნებში, სადაც მე ვთამაშობდი, ჰოლანდიაში და ამერიკაში, ძალიან პოპულარულია ეს სპორტი ქალებში და გამიხარდება, რაც შეიძლება მეტი გოგონა თუ ითამაშებს ფეხბურთს საქართველოშიც. ამიტომ, თუ ვინმეს ერიდება ფეხბურთის თამაში იმიტომ, რომ გოგოა, მინდა, ვუთხრა, რომ არ უნდა მოერიდოთ. რადგან ფეხბურთის თამაში, უპირველესად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს ამიტომ, გოგონებო, არ თქვათ ამაზე უარი".- ამბობს გურამ კაშია. 

 

კომენტარები