არჩევნები 2018

29 აგვისტოდან საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ghn.ge

29 აგვისტოდან საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. შესაბამისად, ცესკოს აკრძალვები და შეზღუდვებიც ვრცელდება. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით:

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკრძალვები და შეზღუდვები კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, ანუ 29 აგვისტოდან ამოქმედდება. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რაიმენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას".

ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო პირების მიერ სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ არასამუშაო საათებში სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც.

"თუკი მანამდე არ იყო განსაზღვრული მასშტაბური პროექტების განხორციელება დაგეგმილი, ისინი არ უნდა განხორციელდეს. კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების, შემწეობების გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტით.

ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს.

ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის. ეს არის ის აკრძალვები და ვალდებულებები, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული", - თქვა ანა მიქელაძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს არის დანიშნული.

კომენტარები