წინასაარჩევნო კამპანია

ხვალიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ghn.ge

ხვალიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. კამპანია ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება, მანამდე კი არჩევნების დანიშვნის დღიდან იწყებოდა. 

პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას." - წერია საარჩევნო კოდექსში. 

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო­ები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დის­კუ­­სი­ების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 

ეს ბოლო არჩვენები იქნება როცა საქართველოს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს. 2023 წლიდან პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთაგან 150 იქნება საქართველოს დეპუტატი, 150 კი, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისგან შეირჩევა.

კომენტარები