წინასაარჩევნო კამპანია

კალაძე: ჩვენ ვაშენებთ სოციალურად ორიენტირებულ სამართლებრივ სახელმწიფოს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

"ჩვენ ვაშენებთ სოციალურად ორიენტირებულ სამართლებრივ სახელმწიფოს", - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სიითი შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა.

"ძვირფასო თბილისელებო, თავისუფალო და ღირსეულო ოცნების ჯარისკაცებო, ჩვენ მოკლე ხანში დავამტკიცეთ, რომ ვართ ადამიანზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი ძალა, რომლისთვისაც დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს მომავალს, რომელიც მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ თქვენთან ერთად. საქართველო არასდროს დაუბრუნდება პოლიტიკური დაპირისპირებების, უკანონობის და შიშის დროს. სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება, თითოეული მოქალაქის თავისუფლება, თანასწორობა და უკლებლივ ყველასთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა - ჩვენი მთავარი მიზანია. ჩვენ ვაშენებთ სოციალურად ორიენტირებულ სამართლებრივ სახელმწიფოს. მე ვამაყობ, რომ ორი წლის წინ თქვენს მხარდამხარ მოვიპოვე უფლება, თქვენთან ერთად შევქმნა ეს რეალობა. ვამაყობ, რომ ვარ ამ ღირსეული საზოგადოების წევრი, თქვენი თანამებრძოლი და მეგობარი. ყველამ ერთად სიყვარულით და ერთობით მივიყვანოთ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე", - თქვა კალაძემ პარტიული სიის წარდგენისას.

კომენტარები