რკინიგზა

მაჭავარიანი: ხორბლის რკინიგზით გადაზიდვა გაცილებით ცივილიზებულია

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხორბლის იმპორტ-ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის შესახებ თქვა რომ ცვლილება საბაჟოებზე წარმოქმნილმა რიგებმა განაპირობა. მაჭავარიანის თქმით, ხორბლის ტრანსპორტირებისთვის უფრო "ცივილიზებული გზებიც" არსებობს. 

"პრაქტიკულად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში იყო ძალიან დიდი რიგები, ვერ ახერხებდნენ ტურისტები შემოსვლას, ასეულობით მანქანა სწორედ ამ რიგების გამო უარს ამბობდა საქართველოში შემოსვლაზე და უკან ბრუნდებოდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იდგა. არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტი და რკინიგზა. ეს ეკონომიკაში არანაირ დისონანსს არ შემოიტანს. არც გაძვირებასთან არ ექნება კავშირი. რასაკვირველია ჩვენ კონსულტაციები გვექნება ყველასთან,"- ამბობს მაჭავარიანი.

საქართველოს მთავრობამ ფინანსთა მინისტრის 21 და 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებებით ქვეყანაში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტ-ექსპორტი აკრძალა. 15 აგვისტოდან, ბრძანებების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირება დასაშვები იქნება მხოლოდ პორტების და სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით. შედეგად, ბაზრის იმ მოთამაშეებს, რომელთაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ან ექსპორტი სურთ, გაუქრებათ არჩევანის შესაძლებლობა მათთვის უფრო ხელსაყრელი გზით განახორციელონ ეს ოპერაცია.

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36%-ით , 74 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა. შემოსავლებთან ერთად შემცირებულია რკინიგზის მიერ გადატვირთული პროდუქციის მთლიანი მოცულობაც და ის მხოლოდ 5 მილიონ ტონას შეადგენს. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია. 

სახელმწიფო კომპანიის ტვირთბრუნვის კლების მიუხედავად, კერძო ბიზნესის ტვირთბრუნვა მზარდია. 2018 წლის პირველ ნახევარში საავტომობილო კონტეინერებით საქართველოს ტერიტორიაზე 13 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. სახელმწიფო საკანონმდებლო ბარიერების აღმართვით, რკინიგზა სწორედ საავტომობილო გადამზიდავებს წაართმევს ტვირთებს. 

საქართველომ 2018 წლის პირველ ნახევარში $53 მილიონის ღირებულების 275 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მათ აღნიშნულ პერიოდში 260 ათასი ტონა ხორბალი გადაზიდეს, ეს ნიშნავს რომ რკინიგზა ისედაც ახორციელებს ხორბლის 90%-ზე მეტის ტრანსპორტირებას, ხოლო საავტომობილო გადამზიდავებზე კი დაახლოებით 10% მოდის. ცვლილებების შედეგად საავტომობილო გადამზიდავები აღნიშნული ბაზრის 10%-საც დაკარგავენ და მათ მაღალი ალბათობით სახელმწიფო კომპანია ჩაანაცვლებს. 

რეგულაციური ბარიერების აღმართვის შემდეგ, გადამზიდავებთან ერთად ბაზრის ის მოთამაშეებიც დაზარალდებიან, რომლებიც შედარებით მცირე მოცულობით ახორციელებენ იმპორტ/ექსპორტს და რომელთათვისაც შესაძლოა რკინიგზის ან პორტის მომსახურეობა ძვირი ან ლოგისტიკურად არახელსაყრელი იყოს. 

 

კომენტარები