ქურდობა

პოლიციამ მოპარული ტელეფონის მარშრუტი იცოდა, თუმცა პოვნა მფლობელის Facebook პოსტის შემდეგ შეძლო

digitaltrends.com

მარიამ ქობულაძეს ტელეფონი 10 აგვისტოს, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთი კაფედან მოპარეს. მან რამდენიმე წუთში იცოდა როდის და სად გადაადგილდებოდა ადამიანი, ვინც მობილური მოიპარა და პოლიციასაც შეატყობინა. პატრული ადგილზე მალევე მივიდა და დაზარალებული გამოკითხა, თუმცა, მარიამი ამბობს, რომ მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად, ელოდებოდნენ როდის ჩართავდა ვინმე მოპარულ ტელეფონს და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში რეაგირება არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის რამდენჯერმე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაც ვერ შეძლო, ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გამომძიებელმა დაურეკა, მეორე დღეს კი დაკარგული ტელეფონიც აჩვენეს.

"ტელეფონი ჯამში ნახევარი ან ერთი წუთით იყო უყურადღებოდ მიტოვებული - 2 მეტრში ვიდექი და ველაპარაკებოდი მეგობარს. დავინახე, როგორ დაჯდა 2-3 ტიპი ჩემს ადგილას და ეგრევე ადგა. ნახევარ წუთში რომ მივედი იმავე ადგილას, ტელეფონი აღარ იყო. დაახლოებით 23:42-ზე ლეპტოპში გახსნილი მქონდა აიქლაუდი და ველოდებოდი, როდის დაპატარავდებოდა რუკაზე ტელეფონის ადგილსამყოფელის რადიუსი. ტელეფონი გადავიყვანე lost mode-ზე, ეკრანზე გამოვიტანე მეგობრის ნომერი და დარეკვის მოთხოვნა და დაველოდე. არ გადმორეკა და ამიტომ, გავუშვი დაკარგვის სიგნალი, რის შემდეგაც ტელეფონი წრიპინს იწყებს. ალბათ ამიტომ, გათიშეს და შესაბამისად, არც რუკაზე ჩანდა ტელეფონის ადგილსამყოფელი. ეს მოხდა 23:44-ზე და ამ დროს ეს ადამიანი ოდნავ გამცდარი იყო ვორონცოვის მოედანს. მოედანზე, სადაც გაიარეს, არის მინიმუმ ოთხი კამერა, რომელიც ყველა მხარეს იყურება, ასევე, იქვე არის კერძო დაწესებულებების კამერები", - ამბობს მარიამი.

პოლიციას იმავე საღამოს მიმართა და არსებული ინფორმაციაც მიაწოდა. მეორე დღეს კი ბანკიდან მიუვიდა შეტყობინება, რომ ტელეფონზე მიკრული საბანკო ბარათიდან თანხა ჩამოიჭრა. მარიამმა გაარკვია ისიც, კონკრეტულად რომელ მაღაზიაში იმყოფებოდა ადამიანი, ვისაც მისი მობილური ჰქონდა და ვის ეკუთვნოდა ეს მაღაზია. შსს-ს ეს ინფორმაციაც მიაწოდა.

"როცა ტრანზაქცია ვნახე, მაშინვე წავედი პოლიციაში, რათა ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა. გამომძიებელი არ დამხვდა და მეორე დღისთვის დამიბარეს. მივედი მეორე დღესაც და ეს ინფორმაცია მივაწოდე, თუმცა არ მითხრეს, რომ ბანკიდან ამოღებული ტრანზაქციების ისტორია სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალური იყოს და გამოძიების დროს გაითვალისწინონ. შემდეგ დღეებში გამომძიებელი ან არ იყო ადგილზე, ან დაკავებული იყო. 4-5 დღე რომ გავიდა, ვიფიქრე, რომ ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შესაძლოა წაიშალოს და მთელი ეს ინფორმაციაც წყალში ჩაიყაროს, ამიტომ ეს ისტორია ფეისბუქზე დავწერე. პოსტის გამოქვეყნებიდან 15 წუთში დამირეკეს პოლიციიდან და დამიბარეს განყოფილებაში. ამ შემთხვევაში უკვე მომისმინეს, ჩაიბარეს ყველა ინფორმაცია და გუშინ, შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ მაჩვენეს ტელეფონი, ლომბარდიდან ამოვიღეთო", - ამბობს მარიამი.

ქობულაძის თქმით, ესმის, რომ ტელეფონის ქურდობა მძიმე დანაშაული არ არის და პოლიციას ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ასეთი მარტივად გახსნადი დანაშაულისთვის ყურადღება უნდა მიექციათ.

"სრული უსაქმურობა და ნიჰილიზმია მხოლოდ იმის ლოდინი, როდის ჩართავს ქურდი ტელეფონს (რასაც ბევრი მიზეზით არ იზამს), როცა ბევრი სხვა ბერკეტი არსებობს ამ საქმის გასახსნელად. ცოტა გლობალურად რომ შევხედოთ, საქმე იმაშიც არ არის მე ამინაზღაურდება თუ არა ზარალი, საქმე იმაშია, რომ არავის ეშინია პოლიციის და იციან, რომ მსგავსი ქურდობები ძალიან მარტივად შერჩებათ", - ამბობს ის.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. უწყების ინფორმაციით, მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია.

"ამოღებულია ნაქურდალი ნივთი. აღნიშნულმა პირმა პოლიციასთან აღიარა ჩადენილი დანაშული. მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე კი პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო იმსჯელებს", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები