დაკარგული ანაბრები

ბახტაძე დაკარგულ ანაბრებზე: მოკლე ვადაში ვერ გადავჭრით, არ გქონდეთ ამის ილუზია

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

მთავრბის მეთაურს მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში დაკარგულ ანაბრებზე ჰკითხეს. ბახტაძემ თქვა, რომ სახელმწიფო "ერთი ხელის მოსმით" ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და რომ "ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა".

"ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, რომ ეს სტრატეგია შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, ჩვენ ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს,"- ამბობს ბახტაძე.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგული ანაბრები შიდა ვალის ნაწილს შეადგენს და მას "ისტორიული ვალი ეწოდება". ამ თანხის სავარაუდო მოცულობა 672 მილიონი ლარია, თუმცა ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს რომ ვალის უმეტესი მოცულობა ჯერაც დასაზუსტებელია. 

როგორ დაიკარგა ანაბრები:

საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა დანაზოგები საბჭოთა კავშირის შემნახველ ბანკში და სახელმწიფო დაზღვევის დაწესებულებებში ინახებოდა. 1991 წლის დასაწყისში, საქართველოს შემნახველ ბანკებში არსებული ფულადი სახსრები სსრკ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე გადავიდა. იმ დროისათვის შემნახველი ბანკების ანგარიშზე თანხების მოძრაობის სფეროში მოქმედი წესების შესაბამისად, 1991 წლის ბოლოსთვის, ფული კვლავ საქართველოს შემნახველი ბანკის ანგარიშზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მათი დაბრუნება არ მომხდარა. 

1992 წლის 20 ივლისს, საქართველოს მთავრობამ გამოსცა #747 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის დანაზოგების გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაბრების ინდექსაციის შესახებ“. აღნიშნული თანხების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ბიუჯეტის ხარჯზე წელიწადნახევრის განმავლობაში.

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 22 ივლისის #11 დეკრეტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა 1992 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული ანაბრის ნაშთების გაზრდას.

სახელმწიფო საბჭომ 1992 წლის 3 აგვისტოს #14 დეკრეტის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომერციულ ბანკებში, 1992 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, ანაბრის ანგარიშზე მოთავსებული ფულადი სახსრების 100%-ით გაზრდის შესახებ.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ 1993 წლის 14 აპრილს გამოიცა დადგენილება #284 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში ანაბრების საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ“. დადგენილებით დამტკიცდა და განისაზღვრა 1993 წლის 1 ივლისიდან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებებში არსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები. „მოქალაქეთა ანაბრების ინდექსაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 18 ოქტომბრის #742 დადგენილებით, განისაზღვრა კომერციულ და სახელმწიფო კომერციულ ბანკებში, 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არსებული ანაბრების ინდექსაციის განხორციელების წესი.

„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ცალკეული კომპანიებისა და ბანკების მეანაბრეებისათვის საპრივატიზაციო ბარათების/ვაუჩერების/ გაცემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის #588 დადგენილებამ განსაზღვრა მეანაბრეთათვის 180 ათას აშშ დოლარამდე ნომინალური ღირებულების საპრივატიზაციო ბარათების გაცემის წესი, მათთვის ფინანსური ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. საპრივატიზაციო ბარათების გაცემა უნდა დაწყებულიყო 1995 წლის 1 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრამდე. პროცესის განხორციელება მართლაც დაიწყო და 1995 წლის დეკემბრის მდგომარეობით გაიცა 38 305 ბარათი. ვინაიდან პროცესის რეალურად განხორციელებით დაიმედებულ მოსახლეობაში იზრდებოდა საპრივატიზაციო ბარათების მსურველთა რიცხვი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივნისის #373 ბრძანებულებით („ფინანსურად დაზარალებულ მეანაბრე-აქციონერთათვის საპრივატიზაციო ბარათების გაცემის ვადის გაგრძელების შესახებ“), ბარათების გაცემის ვადა გაგრძელდა 1996 წლის 15 ივნისამდე. ხსენებული ნორმატიული აქტები დღემდე მოქმედია.

საქართველოს პარლამენტმა 1998 წლის 5 მარტს სახელმწიფო ვალის აღებასთან, საშინაო და საგარეო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან და სახელმწიფო ვალის დაფარვის ძირითადი პრინციპების დადგენის მიზნით მიიღო კანონი „სახელმწიფო ვალის შესახებ“, რომელიც დღესდღეობით, ერთადერთი სამართლებრივი საფუძველია საბჭოთა ანაბრების ანაზღაურების მიმართულებით. სწორედ აღნიშნულმა კანონმა აღიარა საბჭოთა ანაბრები საქართველოს საშინაო ვალად და დასახა გასტუმრების ვალდებულება. 

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული კვლევა საბჭოთა ანაბრების შესახებ.

კომენტარები