ჭიდაობის ფედერაცია

ფოტო: ქართველი მოჭიდავეები, რუსეთის დროშა და ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატი

on.ge

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატთან ერთად გადაიღეს. 

ჯამბულათ თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია. ხოლო მასთან, რამდენიმე უცხო პირთან ერთად საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე, მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მამუკა არევაძე დგანან.

ფოტოს გავრცელების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მისი გადაღება თავად თედეევმა სთხოვა და დათანხმდნენ, რადგან ის მათი დიდი გულშემატკივარია.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მაისურის ფერისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მას და სხვა მოჭიდავეებსაც გული შესტკივა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე. 

"ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი
დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი.მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის..
მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!",- წერს ქართველი მოჭიდავე. 

მოგვიანებით მომხდარზე მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემაც დაწერა. 

მისი თქმით, მაისურის ჩაცმა ორგანიზატორების თხოვნა იყო. 

" მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას – ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო",- წერს იანტბელიძე.

(შესწორება - მასალის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ჯამბულატ თედეევი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო დეპუტატია).

კომენტარები