ჭიდაობის ფედერაცია

"დალოცვილი და გამარჯვებული იყავით" - ილია II-მ ჭიდაობის ფედერაცია და გეგა გეგეშიძე დალოცა

საქართველოს პატრიარქმა ჯვრისთაყვანისცემის კვირიაკეს ქადაგებისას, ჭიდაობის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დალოცა.

"დღეს ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით" - თქვა პატრიარქმა.

1 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს, სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გეგა გეგეშიძემ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, თუმცა, მოჭიდავის მოთხოვნა უცვლელია - ის გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მისივე თქმით, გეგა გეგეშიძის მხილების გამო იძულებულს ხდიან, კარიერაზე უარი თქვას. დათუნაშვილი ამბობს, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებასაც არ აძლევენ და დისკვალიფიკაციით ემუქრებიან.

ჭიდაობის ფედერაციის განცხადებით კი, "დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელიათ და არც დათუნაშვილისთვის უცნობებიათ რამე".

კომენტარები