გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად შეძლებენ "მესამე სქესის" მითითებას.
ჩანაწერების „ქალი“ და „კაცი“ გვერდით გაჩნდება ახალი ჩანაწერი „სხვა სქესი“. ამით გერმანიის ხელისუფლება დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ თავს „ქალის“ ან „კაცის“ სქესს არ მიაკუთვნებენ.
კანონპროექტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, კატარინ ბარლიმ და აღნიშნა, რომ სქესობრივი იდენტობის გამო, არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. კანონპროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონპროექტი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გერმანელმა ქალმა მიმართა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ბიოლოგიურად ის არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება.
სასამრთლომ დაადგინა, რომ დღემდე მოქმედი რეგულაციები ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. გერმანიის მთავრობაში ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში თქვეს, რომ ვერდიქტს დაემორჩილებოდნენ.
აქტივისტები ამას დიდ გამარჯვებად და მცირე რევოლუციად განიხილავენ.
„მესამე სქესი“ აღიარებულია ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადის, აშშ-ს, ინდოეთის, პაკისტანის და ნეპალის კანონმდებლობაში.





