რთველი 2018

სუბსიდირების შეწყვეტა სიმართლე არ აღმოჩნდა - მთავრობა 40 ათას ტონა ყურძენს ყიდულობს

ozkv.net

"წელს სახელმწიფო მთლიანად გამოდის სექტორის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების სექტორიდან,"- 2018 წლის 26 ივლისს თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ამ განცხადების საპირისპიროდ, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია სს "აკურას" მეშვეობით 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის პირდაპირ შესყიდვას გეგმავს. შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ამ პროექტს (SMP180001683) თანხმობა უკვე მისცა. 

მთავრობის მიერ შესყიდული ყურძნის მოცულობა დაახლოებით 40 ათას ტონამდე იქნება. 

მთავრობა შეიძენს იმ ყურძენს, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში არსებულ რთველში ჩაუბარებელი დარჩება. ყურძნის შესყიდვის შემდეგ, მთავრობა მისგან სპირტს გამოხდის. 

მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, უშუალოდ "აკურა" მისი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაახლოებით 5 ათას ტონა ყურძენს ჩაიბარებს, დანარჩენი, 35-40 ათას ტონა ყურძენს აკურას კონტრაქტორი ღვინის ქარხნები ჩაიბარებენ.

ჩაუბარებელი ყურძნის შესყიდვის მიუხედავად, სახელმწიფო ყურძნის ღირებულების თანადაფინანსებიდან გამოდის. 

2017 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალმა 150 ათასი ტონა შეადგინა, სახელმწიფომ სუბსიდია გასცა მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილზე - რაჭაში ალექსანდროეულისა და მუჯურეთულის ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე მევენახეებმა 2 ლარის კომპენსაცია მიიღეს. კახეთის რეგიონში კი სუბსიდია მოქმედებმა მხოლოდ ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის წარმოებისთვის. კონცენტრატის დასამზადებლად ჩაბარებულ ყოველ კილოგრამზე სახელმწიფომ 35 თეთრის სუბსიდა გასცა.

სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წელს ყველა მევეხაემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა.

მთავრობა სხვადასხვა სახით რთველის სუბსიდირებას 10 წელზე მეტია ახდენს. 

კომენტარები