რთველი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.

ჩაბარებული ყურძნის რაოდენობის მიხედვით, საფერავი ლიდერობს:

  • საფერავი - 27 ათასამდე ტონა;
  • რქაწითელი - 9 ათასამდე ტონა;
  • კახური მწვანე - 900 ტონამდე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, 22.5 ათასი ტონა ყურძენი იყო გადამუშავებული.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ყველაზე მეტი ყურძენი გურჯაანში გადამუშავდა, ყველაზე ნაკლები კი ლაგოდეხში.

  • გურჯაანი - 11.5 ათასი ტონა;
  • ყვარელი- 11 ათასი ტონა;
  • თელავი - 8 ათასი ტონა;
  • სიღნაღი - 4.7 ათასი ტონა;
  • დედოფლისწყარო - 3.2 ათასი ტონა;
  • ახმეტა - 2 ათასი ტონა;
  • ლაგოდეხი - 800 ტონამდე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, ​დღეღამურად საწარმოები საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენს ამუშავებენ.

"რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 10 სექტემბერს, რთველის პროცესში 60-ზე მეტი ღვინის კომპანია იყო ჩართული, კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული და ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ყურძნის ღირებულების ნაწილს აღარ უფინანსებს, თუმცა 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის პირდაპირ შესყიდვას გეგმავს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია სს "აკურა" შეიძენს იმ ყურძენს, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში არსებულ რთველში ჩაუბარებელი დარჩება. შესყიდული ყურძნის რაოდენობა დაახლოებით 40 ათასი ტონა იქნება და მთავრობა მისგან სპირტს გამოხდის. 

კომენტარები