აშშ-რუსეთი

მედვედევი: რუსული ბანკებისათვის სანქციების დაწესება ეკონომიკურ ომად აღიქმება

TACC

რუსეთის პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ აშშ მიზანში რუსულ ბანკებს ამოიღებს რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

"მე არ მსურს კომენტარის გაკეთება სამომავლო სანქციებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რამ: თუ ბანკების საქმიანობას ან მათ მიერ სხვა ქვეყნის ვალუტის გამოყენებას რაიმე შეზღუდვა შეეხება, შესაძლებელი იქნება ამას პირდაპირ ვუწოდოთ ეკონომიკური ომის გამოცხადება და აუცილებლი იქნება ამ ომზე ეკონომიკური, პოლიტიკური, ან თუ საჭირო გახდა, სხვა მეთოდებით რეაგირება. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ეს უნდა ესმოდეთ." თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ახალი სანქციები დიდი ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ნერვული აგენტით მოწამვლისათვის დაუწესა.

სანქციები გაზის ტურბინიანი ძრავების, ინტეგრირებული მიკროსქემების და საავიაციო ელექტროტექნიკისთვის განკუთვნილი კალიბრაციის აღჭურვილობის ექსპორტს შეეხება და ძალაში 22 აგვისტოდან შევა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით სანქციები ასობით მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტს მოიცავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით ახალ სანქციებს შესაძლოა დამატებითი, უფრო მკაცრი ზომებიც მოჰყვეს, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერება და აეროფლოტისათვის აშშ-ში დაშვების უფლების ჩამორთმევა, თუ რუსეთი მომდევნო 90 დღის განმავლობაში მათი ქმედების გამოსწორებისაკენ ნაბიჯებს არ გადადგამს. ეს ნაბიჯები რუსული სამეცნიერო და უსაფრთხოების დაწესებულებების საერთაშორის გამოძიებისათვის გასხნას გულისხმობს, რათა დადგინდეს, იქმნება თუ არა იქ საერთაშორისო კანონების დარღვევით ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი.

რუსეთმა აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს არალეგალური უწოდა და თქვა, რომ საპასუხო ზომებზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები