წყალდიდობა

ფოთში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები დატბორა

რუსთავი 2

ფოთში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა დაფარა საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. მოსახლეობას ავეჯი და საოჯახო ტექნიკა დაუზიანდა. 

განსაკუთრებით მძიმე ვითარება დანელიას ქუჩაზეა. აქ მცხოვრებლების თქმით, ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს არსებობს, რადგან სანიაღვრე სისტემა მოუწესრიგებელია.

„სულ დალპა ყველაფერი. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს არის სულ  რამდენიც წვიმა მოვა. ასეთი დღე გვაქვს ჩვენ სულ. ეს მთავრობა წასულია ხელიდან, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის,“- თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მზია ხაზალიამ რუსთავი 2-თან საუბრისას. 

ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, სატუმბი სადგურების მუშაობა ელექტროენერგიის გათიშვამ შეაფერხა.

„ქალაქში უხვი ნალექი დაფიქსირდა. გაითიშა ელექტროენერგია, რამაც სატუმბი სადგურების გაჩერება გამოიწვია და დაიტბორა ქუჩები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, - თქვა გოჩა კურდღელიამ.

კომენტარები