2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

აშშ-ის საელჩო: რუსეთი ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სრულად წაშალოს ქართველის კვალი

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მიუღებელია.

"მომავალ კვირას 10 წელი სრულდება, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

მას შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორია ოკუპირებული აქვს. ეს ოკუპაცია ფეხდაფეხ მიჰყვება გამიზნულ მცდელობას, რომ ამ ადგილებიდან სრულად წაშალონ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კვალი. ყოველივე ამას საკუთრებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით აკეთებენ.

მაგალითად, გასულ წელს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, სოფელ წებელდასთან მე-8 და მე-9 საუკუნის ნანგრევები გაანადგურეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადგილი სამხედრო სასროლეთისთვის გამოეყენებინათ. ამით საქართველოსა და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი სამუდამოდ გაქრა.

ახლახანს კი, რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სოფელ ერედვში მასობრივად გაანადგურეს იძულებით განდევნილი ქართველების სახლები.

მრავალ მიზეზს შორის, ეს სულ რამდენიმეა, რის გამოც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია" - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი სრულდება. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

10 წლის წინ გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშის შემდგომ უკან დაიხიეს.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ომამდე, ივლისში რუსეთმა საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრები  - კავკაზ 2008 ჩაატარა. წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილები  საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ ღია კონფლიქტის დაწყების წინ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

კომენტარები