2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

საქართველოს ელჩი ისრაელში: საქართველო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია

საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ The Jerusalem Post-თან ინტერვიუში 2008 წლის ომის 5 დღეზე ისაუბრა, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მაგალითზე უკეთ ჩანს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდაჭერა. 

ჟვანიამ თქვა, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტი აკავშირებთ, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრები არ არიან, განსაკუთრებით დაუცველები არიან. 

"[2008 წლის] ომი არ დასრულებულა". - ამბობს ჟვანია. 

ჟვანიას აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ვითარება 2008 წელს განსაკუთრებით იმის გამო დაიძაბა, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. 

"ჩვენ რუსეთთან გამკლავება არ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ გვჭირდება NATO. 

სწორედ საქართველოში მიხვდა რუსეთი, რომ შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება". - აღნიშნავს ელჩი. 

ჟვანიამ გაიხსენა ისიც, თუ როგორ ეხმარებოდა ისრაელი ქართველ მოსახლეობას ომის დღეებში. ისრაელთან ერთად, მთლიანი გლობალური ებრაული საზოგადოებაც, განსაკუთრებით კი აშშ-დან. ჟვანიას თქმით, ამერიკის მთავარი ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტების კონფერენციამ ვაშინგტონში საქართველოსთვის კარების გაღებასაც შეუწყო ხელი.

"წარმოიდგინეთ ომი და ჰუმანიტარული კრიზისი. ხალხს საკუთარი სახლების დატოვება უწევთ. მოულოდნელად, გორის ცენტრში ხედავთ ისრაელის დროშასა და არასამთავრობო ორგანიზაცია Israeli Flying Aid-ის მიერ დადგმულ კარავს, რომელიც ხალხის იმედის კუნძული იყო. ეს მათ ახლაც ახსოვთ". - ამბობს ჟვანია. 

ჟვანიას თქმით, თუ ევროპა და საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინაში რუსეთის შეჩერებას ვერ შეძლებენ, უკრაინისა და საქართველოს გარდა, კრემლისთვის სხვა სამიზნეებიც იარსებებენ. 

"რუსეთის ამბავი არ დასრულებულა და არც არასდროს დასრულდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება მას წინ არ აღუდგება. ჩვენ მათ სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებთ. 

დღეს არავის აქვს მოსვენება, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ყოველთვის უნდა ვიყოთ განგაშში. ისრაელი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს". - დასძინა ჟვანიამ.

კომენტარები