მწვანე ეკონომიკის კონცეფცია

პრემიერი: პირველი აგვისტოდან ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტი დაინერგება

პრემიერის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძის თქმით, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სექტორს განესაზღვრება ვალდებულებები და რეკომენდაციები, რათა ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

"მწვანე ეკონომიკის" კონცეფციის წარდგენისას პრემიერმინისტრმა თქვა, რომ პირველი აგვისტოდან ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტი დაინერგება.

"თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში.

1-ლი აგვისტოდან ვიწყებთ ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით. ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა, სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად განვითარდება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს მუდმივ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ინფორმაციის მიღება, კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე გაიზრდება ჰაერის ხარისხის მართვის მონიტორინგის ქსელი, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქის მიხედვით", - თქვა ბახტაძემ.

კომენტარები