2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

NDI: საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა ბუნდოვანია, გამოწვევები კი, ჯერ კიდევ გადაუჭრელი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და ზოგადად საარჩევნო გარემო შეაფასა. 

ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის დაკვირვებით, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია. გარდა იმისა, რომ უცნობია არჩევნების ზუსტი თარიღი, მათი თქმით, მმართველ პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასახელებს თუ არა კანდიდატს. გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ არც ამჟამინდელ პრეზიდენტს მიუღია.

"პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული ფუნქციების გამო პარტიების მოსაზრებები არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით იყოფა, რაც საზოგადოებას წინააღმდეგობრივ გზავნილებს აწვდის. შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს,“- ამბობენ NDI-ში.

ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო უმეტესწილად საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უწყობს ხელს. თუმცა, მათივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები, რომელიც ამ მთავრობის უფლებამოსილების ვადას სცილდება, კვლავ გადაუწყვეტელი რჩება.

დელეგაციის წევრები საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობენ:

  • პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე გამოაცხადოს არჩევნების თარიღი,
  • მთავრობის ხელმძღვანელებმა გაატარონ შესაბამისი ზომები და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ღიად გამოხატონ პოზიცია, რომ მსგავსი ფაქტებისადმი იქნება შეუწყნარებელი დამოკიდებულება,
  • პროკურორებმა და მოსამართლეებმა უზრუნველყონ, რომ არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები მიუკერძოებლად და დროულად იქნება გამოძიებული. მათ ასევე მოუწოდებენ გამოიძიონ 2016-2017 წლებში მომხდარი ინციდენტები,
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ კი უზრუნველყოს გამჭვირვალე და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი.

დამატებით გამოწვევებს ასევე წარმოადგენს: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება, ხმების დათვლის და ბიულეტენების შეჯამების პროცედურების დამატებითი განმარტება და საჩივრების განხილვა. მათი გადაწყვეტა სამართლებრივი და პროცედურული ღონისძიებების გატარებით არის შესაძლებელი.

"დელეგაციას მიაჩნია, რომ შემოთავაზებულმა საკანონმდებლო და ტექნიკურმა ცვლილებებმა შესაძლოა, საარჩევნო პროცესში არსებულ ზოგიერთ პრობლემას უპასუხოს. თუმცა 2018 წლის არჩევნების ყველაზე სერიოზულ წინაღობას მხოლოდ კანონები და პროცედურები ვერ გაუმკლავდება. როგორც აღვნიშნეთ, რესურსების - განსაკუთრებით სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენება - და ამომრჩევლის და კანდიდატების დაშინებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას პოლიტიკური ნება სჭირდება",- ამბობენ ორგანიზაციაში. 

კომენტარები