ნარკორეალიზატორების დაკავება

15კგ ჰეროინი, 2კგ მდმა, 1,4 კგ კოკაინი - წელს შსს-მ 98 რეალიზატორი დააკავა

businessinsider.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმიდნარე წელს სამართლადამცავებმა 98 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ასევე ბოლო 7 თვის განმავლობაში ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 2 კილოგრამამდე „მდმა", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

"„ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების  უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.
პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი  საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს   ბრალდებულების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეო გადაღება. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნული პირები  თბილისსა და  ბათუმში სხვადასხვა ადგილას ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და  ზუსტი ადგილის  შესახებ მონაცემებს იღებდნენ." - თქვეს ბრიფინგზე. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული,  სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ ე.წ „ვარდისფერი ამფეტამინი“. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე კიდევ ერთი პირი სასაზღვრო გამშვებ პუნქტ წითელი ხიდთან დააკავეს. 

"სამართალდამცველებმა  სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე მ.ნ. და ფ.ზ. დააკავეს. ბრალდებულებისგან პოლიციამ 13 შეკვრად დაფასოებული 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ა.კ. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ამბობენ შსს-ში.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=lQTnWJ-bOPI]

კომენტარები