ნარკორეალიზატორების დაკავება

შსს: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 2 ადამიანი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის 2 ნარკორეალიზატორი - 1996 წელს დაბადებული გ.პ და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ფოსტით შეძენა და "დადების მეთოდით" გასაღება დაგეგმეს.  

"დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების "დადების" ორგანიზების მიზნით დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს." – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.  

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები