ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მარგველაშვილი კითხვაზე პასუხის გაცემას არ იმსახურებს, სააკაშვილს დევნილი უწოდა

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013წ.
Reuters

ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვის თემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "პროცესი მიდის მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ, მე ვფიქრობ რომ ნორმალურია , ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი მოხდეს". 

ივანიშვილმა დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვების გამო გააკრიტიკა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ივანიშვილი ამბობს, რომ პიჯაკების საქმისა და სააკაშვილზე გაკეთებული კომენტარების შემდეგ მარგველაშვილი მსგავს კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს. 

"იმას რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს და კითხვას სვამს ის პასუხს არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე, რამეთუ მან მოახერხა და 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, ამას უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა სადღაც. შესაბამისად ეს კაცი არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემას ჩემგან, თუმცა რადგან კითხვა დაისვა საზოგადოებას მაინც შევახსენებ, რომ ე.წ ტრაქტორების საქმე დღემდე საამაყოა, მე გახლდით მაშინ პრემიერმინისტრი დათო კირვალიძე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მე რამდენჯერმე მოვახერხე, რომ ფავორიტ მინისტრად დამესახელებინა, მართლაც ასე იყო, როდესაც გაჩნდა კითხვები პროკურატურის მხრიდან მე მისი დაცვა კი არ დავიწყე მე ვთხოვე, რომ პროკურატურისთვის მიეცა საშუალება და გამოძიების პროცესში ის გადამდგარიყო, რაც მან გააკეთა კიდეც და რომ არ გაჩნდეს იმის განცდა, რომ მე კირვალიძეს ფორმალურად ვასახელებდი ფავორიტად და ჭეშმარიტად სხვა დამოკიდებულება მქონდა, გეტყვით, რომ დღესაც ვმეგობრობ კირვალიძესთან და რამდენიმე დღის წინ მქონდა მეგობრული შეხვედრა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე მსჯელობაც გვქონდა. აი ეს არის ხელწერა, რაც ჩვენ მოვიტანეთ გუნდში და მე ეს ძალიან მეამაყება, როდესაც ამას უარყოფით კონტექსტში შეგვახსენებენ... სამწუხაროა რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ოპოზიციური ნაწილი ნაციონალური მოძრაობის რიტორიკაზე გადავიდა ბოლომდის და მას იზიარებენ, ამ დროს აქ კითხვა არ უნდა დაისვას და ეს არის ის ხელწერა რაც ჩვენ მოვიტანეთ და ამაშივე ჯდება ე.წ კაბელების საქმეც. ერთ გუნდს მფარველობდა ის ხალხი, ერთი გუნდი იყი თავისუფალი და კანონის წინაშე პასუხს არ აგებდნენ , ეს ჩვენ გავიარეთ და გადავიტანეთ, იმ ხალხს მისტირის მარგველაშვილი და ასახელებს კიდეც, 8 მილიონი და პიჯაკების თემა და ლამის დევნილად გამოაცხადოს სააკაშვილი, სირცხვილია ასეთი პოზიცია როდესაც კაცს პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე სახელმწიფოებრიობაზე ან მოღვაწეობაზე კითხვას ასეთი რაკურსით სვამდე ცოტა უხერხულია.

გიორგი მარგველაშვილმა ქუმსიშვილისა და ალავიძის საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ "არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც გვახსოვს, იგივე ტრაქტორების საქმე და კაბელების საქმე".

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. 

ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით აქვს. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ნაცვლად უწყების ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თანამდებობა უკანასკნელი სამთავრობო ცვლილებების დროს დატოვა. 

კომენტარები