ტაქსების რეგულირება

ტაქსის ფერი წინასწარ იქნება განსაზღვრული - რეგულირების II ეტაპი 2019 წლიდან იწყება

ტაქსების რეგისტრაციის წესი დედაქალაქის მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. რეგულაციის დეტალებზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

კალაძის თქმით, ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს - ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსებისთვის.

„ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, - განმარტა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, ნებართვის 1 წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა.

„ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

კომენტარები