დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი პირველ სატელევიზიო ინტერვიუს მისცემს. ივანიშვილი 24 ივლისს სტუმრად მივა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა აქტუალურ თემაში, ამის შესახებ გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიწერა.
ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე ბოლოს 2018 წლის 11 მაისს, ქართული ოცნების ყრილობაზე გამოჩნდა, თუმცა მაშინ ექსპრემიერმა ჟურნალისტთა კითხვებს არ უპასუხა.
ივანიშვილს არავითარი კომენტარი არ აქვს გაკეთებული გასული ერთი წლის განმავლობაში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე, როგორიცაა ხორავას ქუჩის საქმე და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენება.





