გრიგოლ ვაშაძე

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ, "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. 

წარდგენა ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გაიმართა, საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე კი თაკო ჩარკვიანმა გამოაცხადა.

"კატეგორიულად ვეუბნებით "არას" კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს, უსამართლო სასამართლოს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქართული ოჯახი ვერ იპოვის მართლმსაჯულებას - გირგვლიანის ოჯახი იქნება თუ სარალიძის, ეს მთლიანად ქართული საქმე არის. ნუ დაველოდებით იმას, სანამ ეს ჩვენს შვილებს შეეხება და ყველა, ვინც ამაში დამნაშავე არის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ციხეში" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების ძალა ერთობაშია შემადგენლობაში არიან: "ახალი საქართველოსთვის", "ემსახურე საქართველოს", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ქრისტიან კონსერვატიული პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ახალი საქართველო", "საქართველო ლიდერთა შორის", "საქართველოს ევროპელი დემოკრატები".

კომენტარები