ტრამპი-პუტინის სამიტი

პუტინს და ტრამპს ფინური მედია საპროტესტო ბილბორდებით დახვდა

ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი დღეს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამის მიზეზი კი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა.

ფინეთის უმსხვილესმა გაზეთმა  Helsingin Sanomat-მა ტრამპისა და პუტინის სამიტამდე ჰელსინკის ქუჩებში გამოაქვეყნა ბილბორდები, რომლებზეც თავისუფალი პრესის დაცვის შინაარსის ტექსტები წერია. ბილბორდზე სიტყვები რუსულ და ინგლისურ ენაზე წერია. 

„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალი პრესის მიწაზე”,- ამ წარწერებით ხვდებიან ფინეთში პრეზიდენტებს. 

იდეის ავტორები ამბობენ , რომ ამ სლოგანით ორი ქვეყნის პრეზიდენტის მედიისადმი დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

ფოტო: abc

ფოტო: abc

გუშინ, Helsingin Sanomat-ი ჰელსინკიში პუტინი-ტრამპის შეხვედრას ღია წერილით გამოეხმაურა და პრეზიდენტებს მიმართა.

Helsingin Sanomat-ი წერს, მათი შეხვედრის შედეგების წინასწარ პროგნოზირება რთულია, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა ორივე ქვეყანაში. 

"ფინეთი დიდი ხანია შეშფოთებულია რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო. როგორც ჩანს, ჩვენმა მეზობელმა ისეთი პოლიტიკური კურსი აირჩია, სადაც სახელმწიფოს ძალაუფლება და პრესტიჟი დემოკრატიულ ფასეულობებსა და სამოქალაქო თავისუფლებებზე მაღლა დგას", - წერს გაზეთი.

ასევე, გაზეთი წერს, რომ ევროპაში აშშ-ში მიმდინარე პროცესებითაც შეშფოთებულები არიან.

"იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკაში მიზნად ისახავს სწრაფად მოიპოვოს წარმატება მისი მოკავშირეების ინტერესების, საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო საზოგადოების საზიანოდ. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის წინ, ეს გარემოებები შეწუხებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგიდის მეორე მხარეს ვლადიმერ პუტინია", - წერს Helsingin Sanomat-ი.

პრეზიდენტების ჩამოსვლამდე ფინეთის სხვადასხვა უფლებადამცავი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჰელსინკის ცენტრში პუტინი-ტრამპის სამიტს აპროტესტებენ.

ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ფინეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ. ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრაა.

კომენტარები