ნატოს სამიტი 2018

დონალდ ტრამპი: საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა 

twitter

დონალდ ტრამპის თქმით, "საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არა ახლა". 

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ნატოს სამიტზე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა. 

ტრამპს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე ვრცლად არ უსაუბრია და მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა.

პალიტრის ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, ისაუბრებს თუ არა ის ვლადიმირ პუტინთან საქართველოს შესახებ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. 

"საქართველო? ისინი დღესა აქ არიან. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათ ისაუბრეს თავიანთი მდგომარეობის შესახებ, ისინი რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს", - თქვა ტრამპმა. 

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ჰელსინკში 17 ივლისს შეხვდებიან.

ის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ბუქარესტის ისტორიული სამიტიდან 10 წლის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმაც თქვა

ნატოს სამიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. 

სამიტში მონაწილეობას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის ლიდერი იღებს. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას NATO-ს შეკავების პოლიტიკაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. 

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებებიც ახალი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალში მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდება. 

რაც შეეხება ალიანსის სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს NATO-ს ლიდერები საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდებიან. პირველად, საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო - საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

კომენტარები