ნატოს სამიტი 2018

სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბუქარესტის ისტორიული სამიტიდან 10 წლის შემდეგ ალიანსის გენერალური მდივანი კვლავ ამბობს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

იენს სტოლტენბერგმა ეს გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. 

[თარგმანი გამოქვეყნდა გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე]. 

"10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა ბუქარესტში. ამ დროში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა და უფრო მტკიცე გახდა. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა უნიკალურია. თქვენ ბრძანდებით NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერაციული პარტნიორი და სანდო მეგობარი. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს და უფრო უსაფრთხოს ხდის მსოფლიოს. ჩვენ მადლობას გიხდით საქართველოს კონტრიბუციისთვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. ვაფასებთ საქართველოს მსხვერპლს და წვლილს, რომელიც შეტანილია საერთ უსაფრთხოების საქმეში. 

საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსის წევრებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეს. ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ წევრობისთვის მომზადებას. 

ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. 

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ნატოს სასწავლო ცენტრში პოლონეთში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრში თბილისში. მე ველოდები წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტრატეგიული მხარდაჭერისთვის შავი ზღვის რეგიონში. 

ნატო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

2008 წლის 2-3 აპრილს ბუქარესტში გამართულ სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მომზადების პროცესში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად". 

კომენტარები